საზოგადოება
22/02/2021

“მდიდრებსა და ღარიბებს შორის მზარდი ნაპრალი ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს“

„უპრეცედენტო გლობალურმა კრიზისმა ბევრი რამ გვაჩვენა და გვასწავლა, გვაიძულა ახლებურად შევხედოთ საგნებსა და მოვლენებს“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში მსოფლიო მწვავე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დააყენა, რის დასაძლევადაც ხელისუფლებას მეტი კრეატიულობა და სწრაფი გადაწყვეტილებები მართებს.

„ჩვენ დღეს გვმართებს მეტი კრეატიულობა, არაორდინალურობა, მეტი სისწრაფე გადაწყვეტილებებში. მთელ მსოფლიოში იცვლება რეალობა, დღეს ჩვენ ომში ვართ უხილავი მტრის წინააღმდეგ. სახეზეა უმძიმესი შედეგები, მწვავე ეკონომიკური კრიზისი. ჯერ კიდევ არ ვიცით საბოლოოდ როდის დასრულდება პანდემია. საჭიროა გავაათმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა შევძლოთ გარღვევა ეკონომიკაში.

ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა. ყველაზე საგულისხმო სიმპტომი, რაც ახლებური მიდგომების აუცილებლობაში გვარწმუნებს, არის ერთგვარი მზარდი ნაპრალი მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ელიტებსა და მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას შორის. ეს დღეს მთელი მსოფლიოს და ჩვენი პრობლემაც არის, რაც არაფერ კარგს არ გვიქადის. უთანასწორობა ამძაფრებს უსამართლობის განცდას მოსახლეობაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უსმენენ.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ კი, მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა. პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.  მინისტრთა კაბინეტში მცირე ცვლილებებია. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარობაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

Businesspartner