საზოგადოება
09/11/2020

მდგომარეობა კრიტიკულია, პროცესმა ქუჩიდან ოთახში უნდა გადაინაცვლოს - ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წლის არჩევნების შემდგომ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში ახლა კრიტიკული მდგომარეობაა.

„გარეთ კოვიდია, ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობა, ეს კი ნამდვილად არ გვაწყობს არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად. ეს ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს და შეთანხმდნენ, უნდა მოილაპარაკონ, რომ ეს პროცესები  ქუჩიდან ოთახებში გადავიდეს. ეს ყველას ინტერესი უნდა იყოს,“ - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები კოვიდინფექციის გამო აღარ არსებობს, შესაბამისად, ეს არასტაბულურობა ინვესტიციებს ვერ დააპაუზებს, თუმცა ის მოვლენები რაც ვითარდება, არის დამატებითი სტრესი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, ამის განმუხტვა კი ყველას მხარის მიზანი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა. ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ. აქცია და პროტესტი დღეს, 18:00 საათზე კვლავ არის დაგეგმილი.