მაია ცქიტიშვილი: ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა 2024 წლამდე დასრულდება
ინფრასტრუქტურის მინისტრის კანდიდატი განცხადებით, 2024 წლამდე საქართველოში ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა დასრულდება. მაია ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოვებს.
„ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია. სწრაფად უნდა დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი და უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის ისეთი განვითარება, რომ 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად. ამისთვის ქვეყანა უნდა დაახლოვდეს ევროკავშირთან. ამისთვის ჩვენი სამინისტრო ბევრს აკეთებს.
მხოლოდ წელს, პანდემიის მიუხედავად ჩქაროსნული მაგისტრალის სამი მონაკვეთი გავხსენით. 600-მდე გზას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, აშენდა 20 ახალი სკოლა და მრავალი სხვა. 2024 წლამდე დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. დღეისთვის უკვე აშენებულია 260 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი. დაიწყება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მიმართულებით ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. მათ შორის, ნატახტარი-ჟინვალის, ბათუმი-სარფის, თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით. დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთშიც. 2021 წელს ჩვენ ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა ავაშენოთ თბილისი-საგარეჯოს მიმართულებით“,- აღნიშნა ცქიტიშვილმა.
ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო გეგმას წარადგენს. ამით მე-10 მოწვევის პარლამენტმა პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას წარდგენილი გუნდის მოსმენები დაიწყო.
სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაში მინისტრობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ცვლილებააა, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძეა.
1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - მიხეილ ჩხენკელი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - ნათელა თურნავა;
4. თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი;
5. იუსტიციის სამინისტრო - გოჩა ლორთქიფანიძე;
6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ეკატერინე ტიკარაძე;
7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - მაია ცქიტიშვილი;
8. საგარეო საქმეთა სამინისტრო - დავით ზალკალიანი;
9. ფინანსთა სამინისტრო - ივანე მაჭავარიანი;
10. შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური;
11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - თეა ახვლედიანი.