საზოგადოება
12/10/2021

მაია ბითაძე: დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დღგ-ს შეღავათი ისევ გავრცელდება

დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის დღგ-ს გადასახადის შეღავათი ისევ გავრცელდება. ცვლილება "საგადასახადო კოდექსში" შედის. კანონპროექტი დაუმთავრებელ მშენებლობებს ეხება. 

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ინიციატივა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის, განსაკუთრებით დედაქალაქში. 

„2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდგომ გამოცხადდა გარკვეული შეღავათები ზოგადად სამშენებლო სექტორისთვის და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან იქნა კომპანიები გათავისუფლებული, იმისთვის, რომ წახალისებულიყო ბიზნესი და იმ ეკონომიკურ ვარდნას ხელი არ შეეშალა სამშენებლო სექტორისთვის. მიუხედავად 2017-2020 წლებში განხორციელებული უამრავი ქმედებისა, რომელმაც, პრაქტიკულად, ამოწურა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა, განსაკუთრებით, დედაქალაქში, კვლავ ღია რჩება საკითხი, ისეთ დაუმთავრებელ მშენებლობასთან, რომელიც განიცდის დემონტაჟს. არის დაუმთავრებელი მშენებლობა, რომლის დაუმთავრებლობა გამოწვეულია 2008 წლის მოვლენებიდან გამომდინარე და ახალი ნებართვის აღების შემთხვევაში, ისინი აღარ ექვემდებარებიან მოქმედი კანონმდებლობით დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების მიზანია, სწორედ ასეთი დემონტაჟს დასაქვემდებარებელი ობიექტებისთვის კვლავ გავრცელდეს დამატებითი ღირებულების გადასახადის შეღავათი, რაც, რეალურად, საბოლოოდ გადაჭრის დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემას, განსაკუთრებით, დედაქალაქში“,- განაცხადა მაია ბითაძემ.