ლევან დავითაშვილი: დაცული ტერიტორიების უკეთესად მოვლის მიზნით ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება
შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მიზნით სპეციალური პროგრამის ამოქმედება 2022 წლიდან იგეგმება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამის მიზანია, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პირობები გაუმჯობესდეს. ახალი ინიციატივა ეკონომიკის განვითარებასაც დაეხმარება, შეიქმნება სამუშაო ადგილები. მთავრობა მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნებს და ისინი იმ ადგილებზეც დასაქმდებიან, სადაც სამუშაო ძალის დეფიციტია.
"ის ადამიანები, რა შემოსავალსაც იღებენ ამ სტატუსით, მათ შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, მუშაობასთან ერთად უნდა მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება, გააქტიურება შრომისუნარიანი ადამიანების. ჩვენ ასეთი 200 000-250 000 ადამიანი გვყავს. ერთობლივი ძალებით ქვეყანა უნდა ავაშენოთ და ამას სჭირდება ყველა იმ ადამინის ჩართულობა, რომელსაც შეუძლია საქმე აკეთოს ქვეყნის ასაშენებლად.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარების მიზნით. დეფიციტი იყო ბევრ სამუშაო ადგილზე, კერძო სექტორში, სოფლის მეურნეობა იქნება, გადამამუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო სექტორი და ა.შ.
ჩვენ ამ ინიციატივის ფარგლებში რა თქმა უნდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა შევძლოთ, მუნიციპალიტეტების დონეზე ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს, ისეთი, როგორიც უკავშირდება მათ შორის ჩვენი ბუნების მოვლას. შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით, ეს უკავშირდება ტყის, დაცული ტერიტორიების უკეთესად მოვლას, სადაც ჩვენ ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა გარკვეული კვალიფიკაცია ამ ადამიანებს უნდა მივცეთ, რათა შემდგომში ახალი სამუშაო შესაძლებლობის გამოყენების ფარგლებში მათი შემოსავალი გაიზარდოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.