ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და სსფ-ის ახალი პროგრამა საკმაოდ ამბიციური და მნიშვნელოვანია
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ სამწლიან პროგრამაში არსებული რეფორმების ჩამონათვალი საკმაოდ ამბიციური და მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.
"როდესაც პროგრამის თითოეულ კომპონენტზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ეს კომპონენტები საქართველოშია მომზადებული, საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს შეასრულოს ეს პროგრამა და სსფ-ის მიერ გაზიარებულია ის რეფორმები, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ასე იყო წინა პროგრამის შემთხვევაშიც, რომელიც 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეფორმების მიმართ აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს, ეს არის ის, რაც ქვეყანას განვითარებისთვის უნდა დაეხმაროს.
როდესაც პროგრამა დამტკიცდება, ბუნებრივია უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს საზოგადოება. რაც შეეხება საპარტნიორო ფონდს, მისი ფუნქციონირება შესაბამისობაში იქნება ყველა იმ პრინციპთან, რომელიც შეთანხმებული ვართ სსფ–თან. ამასთან, საპარტნიორო ფონდის მუშაობა ვერ იქნება და არც უნდა იყოს დამატებითი ფისკალური რისკების შემცველი ქვეყნისთვის."–ამბობს, ლაშა ხუციშვილი.
სსფ-ს მხარდაჭერილი პროგრამა ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. განხილვა კი მაისშია დაგეგმილი.
ინფორმაციისთვის, საქართველომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამწლიან $289 მლნ–ის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
იმის გარდა, რომ ხელისუფლებას ეს პროგრამა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და განმტკიცებაში დაეხმარება, პროგრამა ასევე მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შეზღუდვას სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.