ლადო კახაძე: რეგულაციის გარეშე აცრა ეფექტიანი არ იქნება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე საზოგადოებას კოვიდვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"გთხოვთ აიცრათ. მსოფლიოში უკვე დაახლოებით 7 მილიარი აცრა ჩატარდა. ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება, არ მინდა მათი გაკიცხვა, ამ შემთხვევაში არ ვიქნები მათ მიმართ ისეთი მკაცრი, როგორც ძირითადად ვარ ხოლმე, მივუტევებ, არსებობდნენ, მაგრამ ხელს ნუ უშლიან ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნების კუთხით.
თუ დაგვეწია რაიმე ანტივირუსული მკურნალობა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იქნება. ნახევარი საუკუნეა მედიცინაში ვარ და მედიცინა იბრძვის, როგორმე ანტივირუსული მკურნალობა გაჩნდეს. ჯერ პირდაპირი დანიშნულების მედიკამენტი არ არსებობს, მაგრამ ახლა გაჩნდა რაღაც იმედი, ამერიკელებმა ფრანგებმა, გერმანელებმა ამის შესახებ ინიციატივები გამოავლინეს", - აღნიშნა ლადო კახაძემ.
დეპუტატის თქმით, რეგულაციის გარეშე არცერთი აცრა ეფექტიანი არ იქნება.
"ესენი ცალ-ცალკე არ დადიან, პარალელური ხაზები არ არიან. ესენი ერთმანეთს აკოწიწებენ, ერთმანეთს ქმნიან, თითოეულ თქვენთაგანს გინარჩუნებენ სასტარტო პირობებს, რომ წარმატებულად გაიაროთ პოსტკოვიდური პერიოდი და გაშალოთ ფრთები - ეკონომიკა იქნება, პირადი საქმე, მეცნიერება, ხელოვნება, თუ სპორტი და ა.შ", - განაცხადა ლადო კახაძემ.
ინფორმაციისთვის, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების მიუხედავად ვაქცინაციის დაბალი ტემპია. 8 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ "მწვანე ბარათის" ამოქმედების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელ დეკემბერს შევა ძალაში.