საზოგადოება
23/04/2021

ქვევრი: როგორც ფეხბურთში რესტორნებისთვისაც დარღვევებზე ყვითელი და წითელი ბარათი უნდა იყოს

რესტორან “ქვევრის“ დამფუძნებელი ლაშა ბასლანძე აცხადებს, რომ რესტორნების მიმართ, რომლებიც რეგულაციებს იცავენ და წესებს არღვევენ ერთნაირი მიდგომა არ უნდა იყოს.

როგორც ლაშა ბასლანძე “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რეგულაციების დამრღვევი რესტორნების მიმართ უნდა გამოიყენონ ყვითელი და წითელი ბარათები - დარღვევისას დააჯარიმონ, განმეორების შემთხვევაში კი, სანამ პანდემიაა, მუშაობა შეუჩერონ.

მისი თქმით, რესტორნებისთვის, რომლებიც დადგენილ შეზღუდვებს ითვალისწინებენ, შაბათ-კვირას მუშაობაც უნდა დაუშვან.

“მე ვიცავ წესებს და ჩემთანაც ის ადამიანები მოდიან, ვინც იციან, რომ აქ წესები დაცულია. მაგრამ ის ადამიანი, ვისაც უნდა წესების დარღვევა, ამისთვის არის სხვა რესტორნები, სადაც მიდიან. ჩემი გადმოსახედიდან, ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ როგორც ფეხბურთშია, უნდა იყოს ყვითელი და წითელი ბარათი. ერთი დაჯარიმებაა დარღვევაზე, მეორედ კი, უნდა დახურონ რესტორანი, სანამ პანდემიაა და იმუშაოს, არ დაიჩაგროს ის რესტორანი, ვინც რეგულაციებს იცავს. დარღვევაში ვგულისხმობ დიდ დაბადების დღებს, ქორწილებს. ეს მთლიან სიტუაციას აფუჭებს და შენ შემდეგ უძლური ხარ, რამე გააკეთო. ეს უნდა გამოსწორდეს და ყველა ერთ ქვაბში არ მოიხარშოს“,- აღნიშნა ლაშა ბასლანძემ.

ლაშა ბასლანძეს თქმით, მისი რესტორნის დარბაზში 60 ადამიანზე მეტი არ დაიშვება, იგივე წესებს დაიცავს შაბათ-კვირასაც, შესაბამისად ალოგიკურია დასვენების დღეებში მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობა.

“თუ ეცოდინებათ ის რესტორნები, ვისაც გაცნობიერებული აქვს რეგულაციების დაცვა, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის, შაბათ-კვირასაც ვიმუშაოთ.

მესმის, კომენდანტს ვერ გადავწევთ, რადგან კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ თუ დარჩებიან ისეთი რესტორნები, ვინც იცავს რეგულაციებს, თავისუფლად შეიძლება შაბათ-კვირას მუშაობა და ამას აუცილებლად მოვითხოვთ. თუ მოვლენები სწორად განვითარდება და მთავრობიდან წამოვა ის მიდგომა, რასაც მე ვფიქრობ, ალბათ შაბათ-კვირას მუშაობის უფლებასაც მოგვცემენ, გარეთაც და შიდა სივრცეშიც“, - აცხადებს ლაშა ბასლანძე.

მისი განცხადებით, რესტორნებში დაწესებული შეზღუდვების შესრულებაზე კონტროლი გამკაცრებულია.

“დღეში 3-ჯერ მოდიან და გვამოწმებენ, ეს ძალიან მომწონს, ასეც უნდა ყოფილიყო თავიდანვე. რაც არ უნდა კანონი და წესები გაამკაცრო, თუ ამის აღსრულებას არ მოითხოვ, მაშინ აზრი არ აქვს. ზუსტად ასე მოვლენ შაბათ-კვირასაც და შეგვამოწმებენ“, - აღნიშნა ლაშა ბასლანძემ.

რაც შეეხება რესტორნის და მომხმარებლების ადაპტაციას პანდემიასთან, ლაშა ბასლანძე ამბობს, რომ “ქვევრში“ სიტუაცია ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის, ჩეკების რაოდენობა იზრდება, თანამშრომლების შემცირების საფრთხის წინაშეც არ დამდგარან.

“ჩვენს რესტორანში ასე თუ ისე კარგად მიდის საქმე. ნელ-ნელა ხალხი უკვე ეჩვევა საღამოს 8 საათამდე მოსვლას. ამდენსაც არ ველოდით, მაგრამ ფონს გავდივართ. რა თქმა უნდა ის არ არის, რაც პანდემიამდე იყო, რადგან მაინც ქართული რესტორანია, დიდი შემოსავლის მისაღებად აუცილებელია ქორწილი, ნათლობა, დიდი სუფრა, მაგრამ ამ პირობებში რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. რაც გაიხსნა მთლიანი სტაფი გამოვიყვანეთ და ვმუშაობთ. ახლა ვაპირებთ ეზოს მთლიანად გახსნასაც. ჩეკების რაოდენობაც ნელ-ნელა იზრდება. კვირაში 2-3 ივენთსაც ვაკეთებ. 20:00 საათამდე, როგორც 24:00 საათამდე იყო, ზუსტად იმას ასწრებს ხალხი - მოდიან, ერთობიან, მიდიან“, - განაცხადა ლაშა ბასლანძემ.