კოვიდვაქცინაციის ჯგუფი ფართოვდება - საბჭო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს
ხვალ ვაქცინაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჯგუფის გაფართოებაზე იმსჯელებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა აქცენტი გაკეთდეს ქრონიკული დაავადების მქონე პირებზე, ასაკის მიუხედავად.
“საბჭო ხვალ იმსჯელებს ამაზე და განისაზღვრება ეტაპები, როდის მოხდება მათი აქტიურად ჩართვა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ვაქცინაცია თბილისში უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონებში. ამ ეტაპზე ვაქცინირებულთა რაოდენობამ 12 000-ს გადააჭარბა, დაახლოებით 20 000 ადაიანი კი, რეგისტრირებულია, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია.
მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ ვაქცინაციის წახალისებისთვის კამპანიის გაძლიერების აუცილებლობა იკვეთება.
“რესურსი გვაქვს, რომ ვაქცინაციის მოცვა იყოს შესაფერისი, მაგრამ აქტივობა დაბალია“, - აცხადებს თამარ გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ორი ვაქცინა, “ატრაზენეკა“ და “ფაიზერი“ გამოიყენება. შემოტანილია აგრეთვე ჩინური წარმოების “სინოფარმი“, რომელიც ჯანმოს ავტორიზაციას აპრილის შუა რიცხვებში ელოდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის მოხდება მისი გამოყენება ქვეყანაში. ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყო, მას დაემატნენ 65 წელს ზევით ასაკის პირები. შემდეგ ჯგუფი გაფართოვდა და ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ 55 წელს წევით ასაკის პირები, აგრეთვე დიალიზის და ორგანოგადანერგილი პაციენტები.