საზოგადოება
25/01/2022

კოვიდშემთხვევების ზრდის ფონზე საკმარისია თუ არა ოჯახის ექიმების რესურსი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში დაახლოებით 2 500 ოჯახის ექიმია, რომლებიც განაწილებულები არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაწესებულებებში და სადაზღვევო ქსელში. მიმდინარე კვირის განმავლობაში დამატებით 102 ონლაინ კლინიკა გააქტიურდა, სადაც რამდენიმე ბრიგადაა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე სიტუაცია მართვადია. 

"გარდა ამისა, მუშაობს ცენტრალური ონლაინ კლინიკა - 1522. ზარების რაოდენობა გუშინ იყო 5 600, რაც რეკორდული რაოდენობაა, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც 1522-ის ხაზი მუშაობს. აქაც გაორმაგდა ექიმების რესურსი. ჯერჯერობით დაყოვნების ხანგრძლივობა არის დაახლოებით 1 წუთი, შეიძლება მაქსიმუმი დაყოვნება იყოს 3-4 წუთი. რა თქმა უნდა ამ ეტაპზე მართვადია ეს ყველაფერი. თუმცა, ოჯახის ექიმები აკეთებენ უკვე პრიორიტეტული ზარების გამოყოფას. პრიორიტეტული ზარი ნიშნავს იმ პირს, ვინც არის 65 წლის ზემოთ, აქვს ქრონიკული დაავადება", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში თითოეული ოჯახის ექიმი მართავს უკვე მასთან რეგისტრირებულ მოსახლეობას. 

"კორონავირუსის გამოვლების შემთხვევაში, თუ აქამდე მოსახლეობის გადანაწილება ხდებოდა ძირითად ონლაინ კლინიკებში, ახლა უკვე ყველა პირს, ვინც რეგისტრირებულია, საშუალება ექნება, დაუკავშირდეს თავისი ოჯახის ექიმს ან დაელოდოს მის ზარს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

Businesspartner