კოვიდის გამო ეკონომიკის ხელშეწყობაზე 2022 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის
კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 2022 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.
ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის ასევე კარანტინისა და სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, აგრეთვე კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობის სოციალური დახმარების მიზნით.
ბიუჯეტი აღარ ითვალისწინებს კოვიდიდან გამომდინარე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაფინანსებასაც.
მთავრობამ პანდემიის პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებებიც გასცა, რის გამოც, 2020 წლის ბიუჯეტიდან 708 მლნ ლარზე მეტი გამოყო, 2021 წელს 250 მლნ ლარი. პანდემიის გამო 2020 წელს ქვეყანაში ლოქდაუნი გამოცხადდა, რის გამოც არაერთი ეკონომიკური საქმიანობები აიკრძალა. მთავრობამ ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით რამდენიმე პროგრამა განახორციელა. 2020 წელს ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 278 მლნ ლარზე მეტი გამოიყო, 2021 წელს 165 მლნ ლარი.
კარანტინისა და სხვა ღონისძიებებისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო 63 მლნ ლარამდე, 2021 წელს 21 მლნ ლარი.
სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებებისთვის 2020 წელს 19.7 მლნ ლარი გამოიყო, 2021 წელს 12 მლნ ლარი.
მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე წარადგინა. საკანონმდებლო ორგანო მის განხილვას იწყებს.