საზოგადოება
03/11/2021

კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება იწყება 

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება იწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური საბჭოს წევრების შეხვედრაზე მიიღეს. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში 2 განსხვავებული მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატია ხელმისაწვდომი. ერთი გამოიყენება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის, ვისაც დამძიმების მაღალი რისკი აქვთ. ესენია 65 წლის ასაკის ზემოთ პირები, აგრეთვე, პაციენტები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა და ქრონიკული დაავადება. მედიკამენტი გადაეცემა კოვიდის მართვაში ჩართულ კლინიკებს. 

მისი თქმით, მეორე პრეპარატი გამოიყენება მსუბუქი პაციენტებისთვის, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე. 

"ძირითადად ეს არის პაციენტი, რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდსასტუმროში, ან მსუბუქი პაციენტი, ვინც შეიძლება იყოს ბინაზე. ოჯახის ექიმები გააკეთებენ იმ პაციენტების იდენტიფიცირებას, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადებების გამო დამძიმების რისკი მაღალი აქვს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევები არსებობს, რომელმაც საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში. მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზაციის ვადის შემოკლრების და სიკვდილიანობის შემცირების კუთხით.