საზოგადოება
04/11/2021

კონცერტები, ვაუჩერები სოფლის მოსახლეობას - რა ღონისძიებები დაიგეგმა ვაქცინაციის წასახალისებლად

ვაქცინაციის ხელშემწყობი ღონისძიებები გაფართოვდება. საკომუნიკაციო კამპანია კი, უფრო გააქტიურდება. 

"ძალიან ძლიერი, აგრესიული საკომუნიკაციო კამპანია ჩატარდება, რომელიც დაახლოებით იმ რანგში იქნება, როგორც არჩევნების დროს არის ხოლმე", - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძემ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, წახალისდებიან 60 წლის ზემოთ ასაკის პირები, რომლებიც აიცრებიან, აგრეთვე სოფლად და ქალაქში მცხოვრები მოქალაქეები. აგრეთვე, გაგრძელდება მარათონი, თუმცა შეცვლილი ფორმით. 

"სამ რეგიონში სერიოზული სტიმულები შეიქმნება, რათა 60%-იან მოცვაზე ავიდეთ. თბილისში უკვე მოზრდილი მოსახლეობის 50%-ია აცრილი, აჭარის რეგიონში 45%-ზე მეტი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 45%-ის ფარგლებში. იმისთვის, რომ 60%-იან მოცვაზე ავიდეთ,  თბილისში დამატებით 80 000 ადამიანი უნდა აიცრას, აჭარაში 45 000-მდე, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 3 000 ადამიანი. გარდა ამისა, 60%-იან მოცვაზე ასასვლელად ვიმუშავებთ კახეთში (გურჯაანი) და გურიაში (ოზურგეთი)", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისი თქმით, მარათონის განსხვავებული ფორმა იქნება 10 ქალაქში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი. იქნება პარასკევი, შაბათი, კვირის ინტენსიური აცრების აქციები. 

"გვინდა მოსახლეობის მოზიდვა და მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა. ღია სივრცეში შეიძლება იყოს კონცერტი. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გამოსვლა და მოწოდებები", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზაობა, ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით რეგიონებში იაროს. 

რაც შეეხება ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიას "აიცერი და მოიგე", ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამან იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რისი მოლოდინიც ჰქონდათ. 

რაც შეეხება ახალ წამახალისებელ ღონისძიებებს, მისი თქმით, საუბარია ვაუჩერებზე, სხვადასხვა ტიპის ბენეფიტებზე. თუმცა, ამირან გამყრელიძემ დეტალურად არ ისაუბრა, მაგალითად რა ტიპის ვაუჩერი შეიძლება გადაეცეთ ვაქცინაციის შემთხვევაში.