ფოტო: 1tv.ge
საზოგადოება
11/01/2022

ხაზარაძე სასამართლოზე: ეს არის დადგმული შოუ არსებული მძიმე მდგომარეობის გადასაფარად

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, პროცესი პოლიტიკურია და ის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გადაფარვას ემსახურება.

"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო. წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა და ბრძოლის გასაგრძელებლად უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა. ეს არის მის მიერ დადგმული შოუ იმისთვის, რომ გადაიფაროს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა, სიღარიბე, გაჭირვება, ემიგრაცია. საკითხი არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთო წერეთელს, აქ საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც თქვენთან ერთად ფეხზე დავაყენებთ",- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ საქმე შემოსავლების უკანონო ლეგალიზაციის მუხლით აძღრა. „2008 წლის აპრილ-მაისში "თიბისი ბანკმა“ მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე "სამგორი M”-სა და "სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მლნ დოლარი.

იმავე დღეს, აღნიშნული 17 მლნ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს "თიბისი ბანკიდან“ აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

ამის შემდგომ მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად:

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში - მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით.

თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, “თიბისი ბანკმა“:

1. აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია;

2. საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა;

3. არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;

4. არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს სამგორი თრეიდსა და სამგორი M-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, ,,თიბისი ბანკი’’ განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას.

მეტიც, 2012 წელს, „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად:

"თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა.

ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად "სამგორი M’’-ისა და "სამგორი თრეიდისა, აიღო ,,თიბისი ბანკისთვის’’ 17 მილიონის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

ამის პარალელურად, "თიბისი ბანკმა“, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ, რომელიც "სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა "თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებულ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანიასთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს.

ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია.

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” - ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 28 თებერვალს გაავრცელა.