ხათუნა ზახაშვილი: ვაქცინაციამდე კვლევებისთვის დროს და ფულს ნუ დახარჯავთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამდე სპეციალური გამოკვლევის საჭიროება არ არის.
მისი თქმით, ვაქცინის გასაკეთებლად მისულ პირებს ხვდებათ ექიმი, რომელიც კითხვებს უსვამს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას დროებით შეაჩეროს ვაქცინაციის პროცესი, კონკრეტულ ექიმთან გაუშვას გამოკვლევის ჩასატარებლად თუ პირდაპირ გაუკეთოს ვაქცინა.
“ნებისმიერ შემთხვევაში ვაქცინაციაზე მისულ ადამიანს ხვდება ექიმი, რომელიც გარკვეულ კითხვებს უსვამს, უბრალოდ ჩვენი მოქალაქეების მოვალეობაა, ამ კითხვებზე ზედმიწევნით სწორად ვუპასუხოთ ექიმს. შესაძლოა ამ სტანდარული კითხვების იქით ექიმს კიდევ გაუჩნდეს რაიმე კითხვა და იშვიათ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პირს შეიძლება გადაუვადდეს ვაქცინაცია, მეორე შემთხვევაში შესაძლებელია უარი ეთქვას ვაქცინაციაზე, ან გაუშვას რომელიმე სპეციალისტთან, უფრო ღრმა მოკვლევის ჩასატარებლად,
წინასწარ კვლევა - ეს არის დროის, ფინანსების დახარჯვა. მოდით მივენდოთ ამ სქემას, რითაც დღეს მთელი მსოფლიო მუშაობს“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.