ხათუნა ზახაშვილი: Sinopharm-ს 60 წლის ზევით ასაკის პირებშიც სუსტი გვერდითი მოვლენები აქვს
ჩინური წარმოების “სინოფარმის“ ვაქცინაზე ჩატარებული კვლევები საიმედო ინფორმაციას იძლევა 18-59 წლის ასაკობრივ კატეგორიაზე. თუმცა ვაქცინამ ეფექტიანობა 60 წლის ასაკის ზევით პირებშიც აჩვენა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის პოსტავტორიზაციული კვლევისას 1 100 000 დოზა გამოიყენეს 60 წლის ზევით ასაკის პირებში, აქედან გვერდითი მოვლენა მხოლოდ 40 შემთხვევაში გამოვლინდა, მათ შორის არცერთი არ არის აღწერილი როგორც მძიმე. 23 შემთხვევაში აღინიშნებოდა თავბრუსხვევა, 9 შემთხვევაში თავის ტკივილი, 9 შემთხვევაში დაღლილობა, 6 შემთხვევაში ალერგიული დერმატიტით გამოხატული, 6 შემთხვევაში ტემპერატურის მატება.
“ვაქცინას საკმაოდ დაბალი გვერდითი მოვლენები აქვს 60 წლის ასაკის ზევითაც. მისი უსაფრთხოება ეჭვს არ იწვევს“, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.
საქართველოში “სინოფარმით“ ვაქცინაცია გუშინ, 4 მაისს დაიწყო. გუშინვე 793 ადამიანი აიცრა.
ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, “სინოფარმის“ პირველ და მეორე დოზას შორის 21-28 დღიანი ინტერვალი უნდა იყოს.
“პირველ დოზას ვინც გაიკეთებს მათთვის გარანტირებულად ინახება მეორე დოზა“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.