კერძო სკოლას დავალიანების მქონე მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების უფლება ექნება
კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს სტატუსი, ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.
ცვლილებას „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი უკვე განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, კერძო სკოლა ვალდებული იქნება მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი გახდება.
ამასთან, ცვლილებით, სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ბოლო წლების სასკოლო პრაქტიკის თანახმად, კერძო სკოლების მოსწავლეთა მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ან სხვა სახის პრობლემების გამო ვერ/არ ასრულებენ კერძო სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და წარმოეშობათ ფინანსური დავალიანება, ხოლო კერძო სკოლას არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ მომსახურება შეუწყვიტოს დამკვეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო.
„არ არსებობს კერძო სკოლიდან მოსწავლის იძულების წესით სხვა სკოლაში გადაყვანის ან გარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლის ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მიმღები სკოლის მიერ მობილობის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაგზავნით. ამ უკანასკნელის საფუძველს კი წარმოადგენს მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადება. ამდენად, თუ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ მივა მიმღებ სკოლაში და არ დაწერს განცხადებას მოსწავლის სკოლაში მიღების თაობაზე, მოსწავლე სკოლას ვერ შეიცვლის. მიუხედავად არაერთი ასეთი შემთხვევისა, კერძო სკოლები კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამო იძულებული არიან, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს ჩვეულებრივ რეჟიმში მიაწოდონ საგანმანათლებლო სერვისი. გარდა ამისა, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს არ აქვს ფინანსური დავალიანება, თუმცა მშობელს/კანონიერ წარმოდგენელს სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ სურს მოსწავლემ სწავლა გააგრძელოს კერძო სკოლში. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სხვა სკოლაში გადასასვლელი დოკუმენტების დროულად გადაცემას მიმღები სკოლისთვის, რათა მოსწავლეს არ წარმოეშვას ფინანსური დავალიანება. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს ამ სამართლებრივი ხარვეზების გამოსწორებას“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.