საზოგადოება
24/07/2020

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი 200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზეა გათვლილი.

"ეს, ერთობლივი მიღწევაა და ნამდვილად შთამბეჭდავია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნა, რომ ცენტრის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა, აშშ-სთან თანამშრომლობის გარეშე, სადაც იყო კომპეტენცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ემორის უნივერსიტეტიდან, სადაც იყო ქართული ბიზნესის, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერა.

"სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც სრულად იქნება ორიენტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე და ამაზე დიდი მიზანი, რომ ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს. ეს არის, როგორც სახელმწიფოს, ისე  ჩვენი თითოეული მოქალაქის მიზანი და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი იყოს წარმატებული და გარდა იმისა, რომ მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, პატარებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს ზრდასრულ თანამოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ამას ექნება სერიოზული რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობა", -  განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა USAID-ის წვლილს ამ პროექტის დასრულებაში. დახმარების ჯამური ოდენობა 1.5 მლრდ-ზე მეტია.

„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის" მიზანია რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა.

კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ სარეაბილიტაციო მომსახურებას.

 

Businesspartner