source: EBRD
საზოგადოება
08/09/2022

"კავკასია ჩვენთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო მიმართულებაა" - EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით კავკასიის რეგიონს ეწვევა.

ეს არის პრეზიდენტი რენო-ბასოს პირველი პირადი ვიზიტი რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი დაგეგმილი იყო 2021 წელს, მაგრამ Covid-19-ის შეზღუდვებმა მისი გადადება  გამოიწვია.

“მოუთმენლად ველი კავკასიაში ვიზიტს, სადაც ბანკმა 30 წლიანი ფუნქციონირების განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მიუხედავად რეგიონის ზომისა, ის რჩება ჩვენთვის მნიშვნელოვან საინვესტიციო მიმართულებად, სადაც უკვე 10 მლრდ ევროზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ.

კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას კავკასიისა და მისი მწვანე ეკონომიკის, ასევე სატრანსპორტო კავშირის, მდგრადი ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკის მიმართ.“–აღნიშნავს რენო-ბასო.

EBRD–ის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა განიხილონ სამომავლო მხარდაჭერა კერძო სექტორისთვის, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.

რენო-ბასო ჯერ ბაქოში გაემგზავრება, სადაც აზერბაიჯანის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება. შემდეგ EBRD-ის პრეზიდენტი აზერბაიჯაშნი გამართავს სამუშაო შეხვედრებს.

თბილისში მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან გაიმართება. ის ასევე შეხვდება დიპლომატებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგიონალურ ხელმძღვანელებს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს და არსებულ ბიზნეს პარტნიორებს კერძო სექტორიდან, მათ შორის ადგილობრივ ბანკებში. მისი ვიზიტი ემთხვევა ქვეყანაში EBRD-ის საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის იუბილეს.

EBRD-ის პრეზიდენტი ვიზიტს ერევანში დაასრულებს, სადაც სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეწვევა.

ცნობისთვის, 1992 წელს კავკასიაში თავისი საქმიანობის დაწყებიდან, EBRD-მა 10,64 მლრდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 652 პროექტში რეგიონის ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების უმეტესობა კერძო სექტორშია.