საზოგადოება
08/02/2022

კატერები მტკვარზე და მეტროსადგურების განახლება - რაზე დაიხარჯება €101 მლნ-ის სესხი

საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან 101 მლნ ევროს სესხს იღებს. სასესხო შეთანხმებას ხელი 2021 წლის 10 დეკემბერს მოეწერა ხელი. პარლამენტი კი, დოკუმენტს რატიფიცირებისთვის განიხილავს.

საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სასესხო შეთანხმება კომიტეტზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარმოადგინა.

შეთანხმების თანახმად, სესხის ხანგრძლივობაა 26 წელი, მათ შორის 11 წელი შეღავათიანი პერიოდია. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღად 2027 წლის დეკემბერი განისაზღვრა. იგეგმება ურბანული ცენტრების, დასახლებების და მომიჯნავე ტერიტორიების განახლება, ნაგებობების მშენებლობა, პარკების მოწყობა.

სესხის ფარგლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებენ მუნიციპალური განვითარების ფონდი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის განვითარების ფონდის მეშვეობით.

როგორც მზია გიორგობიანმა კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, პირველადი მონაცემებით, 101 მლნ ევროდან 90 მლნ ევროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დახარჯავს.

101 მლნ ევროს ოდენობის სესხის პარალელურად აღებულია 15 მლნ ევროს სესხი, რომელიც მიმართულია პროექტების მომზადებისა და შესწავლისთვის.

სესხი რეტროაქტიული დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,  დღეის მდგომარეობით, პროექტების დასაფინანსებლად 34 მლნ ლარის ხარჯი უკვე გაწეულია.

პროექტები, რომელიც ამ ეტაპისთვისაა შერჩეული და მიმდინარეობს:

მზია გიორგიბიანის თქმით, მუშაობა დაწყებულია 4 სპორტკომპლექსზე, 14 საბავშვო ბაღის და 1 ურბანული განახლების პროექტთან მიმართებაში.

სპორტკომპლექსები აშენდება ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხესა და რუსთავში. პროექტის ფარგლებში მოიაზრება მათი აღჭურვაც. საბავშვო ბაღების მშენებლობა და აღჭურვა კი, 2023-2024 წლებში დასრულდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა პროექტების სატენდერო პროცედურები, მათ შორისაა თელავის ურბანული განახლება, ზუგდიდის ბიბლიოთეკის მშენებლობა, მესტიაში ლაღამის უბნის ურბანული განახლება და 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

რაც შეეხება თბილისს, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეთანხმებულია, მდინარე მტკვრის რეაბილიტაცია, მათ შორის პროექტირება მიმდინარეობს სატრანსპორტო ქსელთან მიმართებაში.  ტენდერის გამოცხადება დაგეგმილია 2022 წლის მეორე კვარტალში.

მდინარე მკტვართან მიმართებაში უფრო კონკრეტულად იგეგმება კალაპოტის გაწმენდა, ასევე სანაპიროს მოწყობა - მტკვარზე ჩასასვლელი ადგილების მოწყობა, რომელიც შეიძლება იყო სასეირნო. ტურისტებისთვის გათვალისწინებულია კატერებიც.

ასევე მიმდინარეობს დიღმის პარკის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

სესხის ფარგლებში მოიაზრება რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაცია, მათ შორის ესკალატორების და ამოსასვლელების მოწყობა.

Businesspartner