საზოგადოება
01/12/2021

ქართველი მეცნიერები €9.9 მლრდ-იანი პროგრამის კონკურსებში შეძლებენ მონაწილეობას

საქართველოში უახლოეს მომავალში გაიხსნება "Horizon Europe"-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებს შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. 
 
მინისტრის თქმით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის – 7 დეკემბერს ბრიუსელში მოეწერება ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების გაფორმებით ქართველ მეცნიერებს, ასევე ინოვაციების სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
 
"შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.