ქართველების ლეგალურად დასაქმებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირის რამდენი ქვეყანასთან მიმდინარეობს
დროებით ლეგალურად დასაქმების შესახებ მოლაპარაკებებს საქართველო ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანასთან აწარმოებს. მათ შორის არის ბულგარეთი და საფრანგეთი.
„გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში წელს უკვე გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი. დანარჩენები კი ეტაპობრივად გაემგზავრებიან წლის ბოლომდე. ისრაელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 12 აპრილიდან დაიწყო დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია. მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საფრანგეთთან, ბულგარეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, დროებით დასაქმებული ქართველები პარტნიორ ქვეყნებში მნიშვნელოვან გამოცდილებას შეიძენენ.
„არალეგალური შრომითი მიგრაციისას ჩვენი მოქალაქეები არაერთხელ დაზარალდნენ ტრეფიკინგისა და შრომითი ექსპლუატაციის გამო. საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს მივეცით შესაძლებლობა დროებით, ლეგალურად დასაქმდნენ. იქ მათ ელოდებათ ღირსეული შრომითი ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო. ეკონომიკური სარგებლის გარდა ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომლის გაზიარება და ეროვნულ საქმიანობაში გამოყენება ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამუშაო ვადის გასვლის შემდეგ შერჩეული მოქალაქეები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ“,- განაცხადა მან.