კახეთში ღვინის კოლეჯი აშენდება
2021 წელს კახეთში ღვინის კოლეჯის აშენება იგეგმება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ განუცხადა, გარდა ამისა სამეგრელოსა და გურიაში შენდება თანამედროვე, ინოვაციური ჰაბი, რომელიც იქნება ხელს შეუწყობს რეგიონებში მაქსიმალურად ახალგაზრდების დამაგრებას.
პროექტი სენაკსა და ოზურგეთში განხორციელდება.
“პროექტების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამის შემდეგ მოხდება მათი აღჭურვა. ბევრ რეგიონში ვაპირებთ სახელოსნოების მშენებლობას. მათ შორის, უკვე გამოცხადებულია ტენდერი დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. წალენჯიხის რაიონში, კერძოდ ფოცხო-ეწერში 2021 წლის იანვარში დაიწყება ხის სახელოსნოს მშენებლობა. აშენდება ხის საწარმოც, სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის პირები დასაქმდებიან“, - აცხადებს დავით ფარცვანია.
სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მისი მიზანია განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრება.