საზოგადოება
07/12/2021

კახა კალაძე: თბილისში საბჭოთა დროინდელი ავარიული შენობები თანამედროვეთი ჩანაცვლდება

თბილისის მერია გეგმავს, რომ 2022 წლიდან დედაქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა დროინდელი, ავარიული შენობები თანამედროვე შენობებით ჩაანაცვლოს. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ეს არ ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. 

"სამწუხაროდ ქალაქის მასშტაბით ასეთი 10 000-მდე შენობაა. ცხადია სხვადასვა ავარიულობის კატეგორიები აქვს მინიჭებული ამ შენობა-ნაგებობებს", - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე. 

მისი თქმით, უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის მუნიციპალური საბინაო ფონდი შეიქმნება.

"ჩვენ ვგეგმავთ, რომ არც ერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ – ეს არის ჩემი დაპირება. ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი. დღეს დაახლოებით 400-მდე ასეთი ოჯახია, ვისაც უსახლკაროს სტატუსი აქვს და მომდევნო 4 წლის განმავლობაში რა თქმა უნდა ეს ადამიანები  უზრუნველყოფილი იქნებიან მუნიციპალური საცხოვრისით.

ასევე ბოლომდე მივიყვანთ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პროგრამას და ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.