კახა კალაძე: ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ცუდ მდგომარეობაში, ყველგან მივალთ
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ცუდ მდგომარეობაში. მერი პირობას დებს, რომ ყველა დაზიანებული ძეგლი განახლდება.
“ძველი თბილისი ჩვენთვის განსაკუთრებულია. აგრეთვე განსაკუთრებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს ქალაქში. მათი მდგომარეობა სახარბიელო არ არის. ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელიც ავარიულია, სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული. ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით ვახორციელებთ მათ რეაბილიტაციას, განახლებას. ძალიან მაგარი პროექტები გავაკეთეთ - დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია, ორბელიანის მოედნის, მიმდებარე ქუჩების განახლება-მოწესრიგება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის სრული განახლება, ასევე მიმდებარე ქუჩების. რა თქმა უნდა ეს პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია ჩვენ, თბილისს, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები, მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული“,- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
მისი თქმით, N14 ჯავახიშვილზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.
“მას დასჭირდა საფუძვლიანი რეაბილიტაცია, მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში გამაგრდა შენობის საძირკველი და დაზიანებული ღიობები. სპეციალური მეთოდით შეივსო შენობის ბზარები, შეიცვალა შენობის სახურავის შეფიცვრა და თუნუქის საფარი გაკეთდა. მოეწყო სახურავის წყალსაწრეტი სისტემა. აღდგა ფასადის დეკორატიული ელემენტები. რესტავრირდა ლითონის კიბე, ასევე ხის აივნები, კიბეები და შუშაბანდები. რესტავრირდა ასევე ფასადზე განთავსებული დეკორატიული აივნები.
მესმის, რომ ბევრი ძეგლი გვაქვს ქალაქში, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა ყველგან მივალთ და ყველა ყველა ძეგლს ჩავუტარებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ყველას განვაახლებთ. მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ძეგლი მოექცეს რესტავრირების ფარგლებში და მთლიანად უბნების რეაბილიტაცია განხორციელდეს. თუმცა ინდივიდუალურადაც ვუდგებით ძეგლებს“,- აცხადებს კახა კალაძე.