კახა გოგოლაშვილი EU-ში წევრობის განაცხადზე: ეიფორიაში ყოფნა არ ღირს
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის კახა გოგოლაშვილის შეფასებით, საქართველომ პირველი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით. თუმცა, საზეიმოდ მაშინ ექნება საქმე, როცა ამ განაცხადზე ევროკავშირისგან რაიმე სახის რეაქციას მივიღებთ.
მან განმარტა, როგორ უნდა მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და შემდეგ რა პროცედურები მოჰყვება ამას.
„კანდიდატის სტატუსზე თანხმობა უნდა მისცეს ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ. ამისთვის მათ მოუწევთ კონსულტაციები, როგორც საკუთარ მთავრობებში, ასევე, ალბათ ქვეყნის პარლამენტებშიც. ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფებმა უნდა შეიმუშაონ თავიანთი შეხედულება, შემდეგ უნდა დაავალონ ევროკომისიას, რომ შეისწავლოს ეს საკითხი, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ დასჭირდებათ რამდენიმე თვე, რათა სერიოზული ანგარიში მოამზადონ საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაინიშნოს თარიღი, როდესაც ისინი დაიწყებენ პროცესის განხილვას. იმედია, მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს როდის მოხდება. სასიხარულოა, თუ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირებმა, ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, განაცხადეს, რომ - ჩვენ მხარს დავუჭერთო, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ეიფორიაში ყოფნა არ ღირს, იმიტომ, რომ ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკურად რა თქმა უნდა გამოჩნდა, რომ საქართველო დგას ნამდვილად ევროინტეგრაციის გზაზე, რომ მას ეს მიზანი რეალურად აქვს დასახული“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.
მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მზად უნდა იყოს ევროკავშირის ყველა ვალდებულება შეასრულოს. საქართველოს მზაობა და უნარი კი, ევროკავშირის მხრიდან უნდა იყოს აღიარებული.
„ჩვენ ჯერ კიდევ მიახლოების პროცესში ვართ ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან. მთავარია, რომ ქვეყანამ აჩვენოს სწრაფი პროგრესი. რამდენადაც სწრაფად ვაჩვენებთ ჩვენ პროგრესს - პოლიტიკურს, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის მიმართულებით, ასევე საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებას მაღალ დონეზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, ბიზნესების, ეკონომიკური სექტორის განვითარება, სიღარიბის დონის დაწევა, დასაქმების უზრუნველყოფა. ეს ყველაფერი ფასდება. ჩვენი კანონმდებლობა სრულად ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. როდესაც კანდიდატის სტატუსს იღებს ქვეყანა, ამის მერე იწყება სირთულეები. პირველ რიგში ევროკავშირმა გარკვეული დროის შემდეგ უნდა დაადგინოს, რაში გვაქვს ჩამორჩენა, შემდეგ ჩვენი მოლაპარაკებების გეგმა შეადგინოს და ეს მოლაპარაკებები გაიხსნას. მაგალითად, თურქეთმა განაცხადი 1987 წელს შეიტანა, 1999 წელს მიიღო კანდიდატის სტატუსი, 2005 წელს დაიწყო მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და დღემდე მოლაპარაკების პროცესშია. არ მინდა სკეპტიციზმი დავნერგო - ზოგმა ქვეყანამ ეს შედარებით სწრაფად გაკეთა, მაგალითად ხორვატიამ ეს პროცესი 7-8 წელში გაიარა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში 1 და 2 წელში ამას ვერავინ გააკეთებს.
ომი გარკვეული შესაძლებლობაა, პოლიტიკური ფანჯარა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფანჯარა გაიღო და ჩვენ შეგვიძლია უცბათ ევროკავშირში აღმოვჩნდეთ. არ მინდა ასეთი სახის ცრუ იმედები გვქონდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოჩნდა რაღაც შესაძლებლობა, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობთ, ვმუშაობდით“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადით უკვე მიმართა.