ჯანდაცვის მინისტრი რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს
კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.
მინისტრი ფიქრობს, რომ არც "მწვანე პასპორტის" კრიტერიუმები უნდა შეიცვალოს, რომლის თანახმადაც კოვიდგადატანილებს უვადოდ შეუძლიათ ისარგებლონ "მწვანე სტატუსით".
ზურაბ აზარაშვილი ამ მოსაზრებას "ომიკრონის" მსუბუქი მიმდინარეობიდან გამომდინარე აფიქსირებს.
"დელტა" შტამის შემთხვევაში, რომელიც ყველაზე ვერაგი იყო, საშუალოდ აქტიური შემთხვევების 20% ხვდებოდა ჰოსპიტალში. დღევანდელი სტატისტიკით კი, აქტიური შემთხვევების შეიძლება 4% მოხვდეს ჰოსპიტალში. პროცესს სრულად ვმართავთ.
საშიში შეფასება გამომდინარეობს იქიდან, რომ აქვს მძიმე მიმდინარეობა, სჭირდება ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა. "ომიკრონის" შემთხვევაში საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობაა. მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება თეორიულად დაგვჭირდეს. ეს შტამი (ომიკრონი) ისეთი დასუსტებულია, რომ მკურნალობის პროცესში არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. თავდაჯერებულები ვართ იმაში, რომ ინფიცირებულებს ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰოსპიტალშიც, ყველა საჭირო მედიკამენტები და შესაძლებლობები გვაქვს ადგილზე. შესაბამისად, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.