საზოგადოება
07/07/2021

"იტყუებიან, შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ" - ეკა ტიკარაძე კლინიკებს პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება კლინიკებს თითქმის ყოველდღე ხვდება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, განსახილველ საკითხებში, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გადახედვაა.

საწინააღმდეგოს აცხადებენ თავად კლინიკების ხელმძღვანელები. მათი ინფორმაციით, ტარფიკაციასთან დაკავშირებით ბოლო კომუნიკაცია ჯანდაცვის მინისტრთან იანვრის ბოლოს შედგა.

ეკატერინე ტიკარაძე ამ ინფორმაციას უარყოფს და სექტორს ტყუილში ადანაშაულებს.

„ჩვენ კლინიკებთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ. ეს შეხვედრები დახურული არ არის, თუმცა ყველა სამუშაო შეხვედრა მედიით ვერ გაშუქდება. არ არის ეს სწორი. იტყუებიან. იტყუებიან საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ“,- აღნიშნა მინისტრმა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისების დაფინანსების ტარიფების გადახედვისკენ სექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის იანვარში მოუწოდა, თუმცა ინდუსტრიას ჯერჯერობით შედეგი არ აქვს და მათი არაერთი განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებების პროცესი ამ დროისთვის შეწყვეტილია.