ირაკლი ზარქუა: სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების პროგრამა ხარვეზებით მუშაობს
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების პროგრამა ხარვეზებით მუშაობს. ზარქუა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას პრობლემის მოგვარებას ურჩევს.
„ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროგრამას უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს. ჩვენ ახლა რომ წავიდეთ, შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ე.წ "ტეხასმოტრს" აძლევენ, თუმცა მანქანა გამოდის ისევ არასახარბიელო მდგომარეობაში და აბინძურებს გარემოს.
პარლამენტში შემოსულია კანონპროექტი, სადაც შსს-ს ექნება ვალდებულება, რომ ვიზუალური აღქმის პირობებში გააჩეროს, გადაამოწმოს და დააჯარიმოს კიდეც. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ხარვეზი გვაქვს. კონკრეტული ჯგუფები არიან, ვინც აქირავებენ მოწყობილობებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიაროს ტექდათვალიერება, ზუსტად 1 საათით. შემდეგ უკან უბუნებენ პატრონს და დადის მანქანები, რომელიც გარემოს აბინძურებენ“,- განაცხადა ზარქუამ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ტექდათვალიერების კომპანიები სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ტექდათვალიერების ცენტრებში ამბობენ, რომ მიმართვიანობა კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირდა. წლის ბოლოსთვის სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერება ავტოპარკის ნახევარსაც არ გაუვლია, სფეროს წარმომადგენლები მიზეზად აღსრულების მექანიზმის ნაკლოვანებებს ასახელებენ.