ირაკლი ერაძე: საპენსიო სესხთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის პოპულიზმი ოდესმე უნდა დამთავრდეს
ე. წ. საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთსა და რისკების შეფასების საკითხს ფინანსისტი ირაკლი ერაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. ფინანსისტი დეპუტატ ალექსანდერე ელისაშვილს პოპულიზმისგან თავშეკავებას ურჩევს, ამავდროულად რამდენიმე კითხვით მიმართავს.
"ბატონმა ალექსანდრე ელისაშვილმა ორი დღის წინ ისევ საპენსიო საკითხებზე ილაპარაკა. იმდენი ხანი იყო ჩუმად, მეგონა მიხვდა ამ თემებზე მისი მსჯელობა არასერიოზულად რომ გამოიყურებოდა, თუმცა ასეც არ ყოფილა, ისევ ჩვეულ სტილში გამოვიდა და ისევ "ძველ ჩვენებას მიაწვა". სამწუხარო ის არის, რომ დღევანდელი პოლიტიკური კლასი ყველაფერს აკეთებს საკუთარი ვიწრო პარტიული და მერკანტილური ინტერესების გასატარებლად. ყველაფერს ამბობენ, ყველაფერს ლაპარაკობენ თან ისე, რომ საკითხის პროფესიულ ასპექტებზე მსჯელობაც კი არ უნდათ. ეს პოპულიზმი ოდესმე უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება პოლიტიკოსობაზე ამბიციის მქონე კაცი ტელევიზიით გამოდიოდე, საკითხის სიღრმისეულად შესწავლის გარეშე მოსახლეობას მხოლოდ საარჩევნო ხმად აღიქვამდე (შეიძლება წესიც კია ესეთი და მე არ ვიცი), ტყუილებს უყვებოდე და არასწორ მოლოდინებს ქმნიდე - ეს უბრალოდ ამორალურ საქციელს უფრო ჰგავს ვიდრე პენსიონერების პრობლემებზე ზრუნვას.
ახლა რამოდენიმე კონკრეტული კითხვა მექნება ბატონ ალეკოსთან და იმედი მაქვს საჯაროდ მიპასუხებს, აქვე ამ პოსტის ქვეშ.
1) ბატონო ალეკო, თქვენ ამბობთ, რომ დღეს პენსიონერებზე გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთები უსამართლოა, რომ ეს ძარცვაა და ა.შ. მაინტერესებს, ფლობთ თუ არა ინფორმაციას რამდენია ანალოგიური ტიპის სესხებზე ბაზარზე არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და უშუალოდ რასთან მიმართებით არის ერთი კომერციული ბანკის მიერ გაცემული კრედიტი უსამართლო?
2) თქვენ ამბობთ, რომ "პროცენტი აუცილებლად დაიწევს". იქნებ საჯაროდ განმარტოთ კონკრეტულად რა გარემოებები გაძლევთ ამის თქმის საფუძველს და თქვენი აზრით რა ნიშნულამდე შეიძლება საპროცენტო განაკვეთების შემცირება? აქვე დააზუსტეთ, ეს ნიშნული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება თუ ნომინალური?
3) ასევე მაინტერესებს, რამდენი უნდა იყოს საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებზე გაცემული კრედიტების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომ ამას პირადად თქვენ სამართლიანი დაუძახოთ? აქვე დავაზუსტებ, კონკრეტულად რა ფაქტორებს ითვალისწინებთ, როდესაც ამა თუ იმ კრედიტის საპროცენტო განაკვეთს სამართლიანად ან უსამართლოდ მიიჩნევთ?
4) ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს 4-ჯერ მეტი კრედიტები აქვთ აღებული ლიბერთის გარდა დანარჩენ საბანკო სექტორში. ა) ფლობთ თუ არა ამ ინფორმაციას?; ბ) გაქვთ თუ არა შესწავლილი სხვა ბანკებში არსებული საპროცენტო განაკვეთების სამართლიანობა/უსამართლობის საკითხები?; გ) აპირებთ თუ არა ისეთივე წარმატებით გააპროტესტოთ სხვა ბანკების მიერ გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთები?;
5) კიდევ მაინტერესებს კონკრეტულად რა ბერკეტების გამოყენებას აპირებთ საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად? ეს ყველაფერი კომერციული ბანკის ინტერესების ხარჯზე უნდა მოხდეს, თუ სახელმწიფომ მოქალაქეთა ერთი ნაწილის ფულით უნდა დაასუბსიდიროს მოქალაქეთა მეორე ნაწილის კრედიტების საპროცენტო განაკვეთები?
6) და ბოლო შეკითხვა, თქვენი აზრით, საერთოდ ხომ არ ჯობს საკანონმდებლო დონეზე დააყენოთ კანონპროექტის ინიცირების საკითხი, სადაც საერთოდ აიკრძალება საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებისთვის სესხის გაცემა. საერთოდ არ მივცეთ ამ ადამიანებს სესხები და კრებაც მხიარული დარჩება და თქვენც გმირი გამოხვალთ, ზუსტად გეცოდინებათ, რომ არცერთი კომერციული ბანკი აღარ "ძარცვავს" და "ატყავებს" საპენსიო ასაკის ადამიანებს. (იმედია მიხვდებით ამ კითხვის სარკასტულობას, თუმცა თქვენი მსეჯელობებიდან და ლოგიკიდან გამომდინარე, შესაძლოა საერთოდ არ გეჩვენებოდეთ ეს საკითხი სარკასტულად)
P.S. - ბოლოს იქნებ გვითხრათ, როდის აპირებთ პოპულიზმის გარეშე (რომელიც საბოლოო ჯამში უცილობლად ისევ იმ ადამიანებს აზარალებს ვისთვისაც „ზრუნავენ“), კონკრეტული ანალიზის და მათემატიკის საფუძველზე გაგვაგებინოთ, უშუალოდ რა გნებავთ? რა მოთხოვნები გაქვთ ამ საკითხის ირგვლივ?
P.P.S. - იქნებ ასევე გვაცნობოთ კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაასრულებთ ლოზუნგებით და სადღეგრძელოებით საუბარს ისეთ რთულ საკითხებზე, როგორიც საბანკო სისტემა და ფინანსებია?" - მიმართავს დეპუტატს კითხვებით ფინანსისტი.