საზოგადოება
05/10/2020

იპოდრომის ტერიტორიაზე, რომელიც "ქართუმ" თბილისის მერიას აჩუქა, ცენტრალური პარკი გაშენდება

ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი  ფართობის ტერიტორია საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას თბილისის მერმა და საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს.

„აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისში შეიქმნას უფრო მეტი მწვანე სივრცე, გასართობი პარკი თუ რეკრეაციული ზონა, სადაც თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს ექნებათ დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა.

უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“  უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. 

ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს, ქალაქის ცენტრში, სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს  ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი", - განაცხადა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

პროექტის განხორციელების დაწყების შესახებ დეტალებზე მერი უახლოეს პერიოდში განაცხადებს.

ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდი დედაქალაქში ურბანული ტყის აღდგენის პროექტსაც ახორციელებს, რომელიც მთაწმინდის ფერდობს და სხვა ტერიტორიებს მოიცავს.

„ქართუმ“ 25 წლის განმავლობაში, 3 მილიარდ დოლარზე მეტი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა საქართველოში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას. განვახორციელეთ ბევრი პროექტი, წლების განმავლობაში ვზრუნავდით თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებზე, აღვადგინეთ ჩვენი დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურა. ახლახან დასრულდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, რაც უნიკალურ პროექტს წარმოადგენს. მიმდინარეობს ურბანული ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც მოიცავს მთაწმინდის ფერდობს და სხვა ტერიტორიებს. ეს თბილისს ძალიან მალე გაუჩენს 700 ჰექტარის მოცულობის უნიკალურ ურბანულ ტყეს. რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას. გარდა იმისა, რომ ეს ტერიტორია თბილისის მერიას გადავეცით, ფონდი „ქართუ“ იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში მოაწყოს ამ ტერიტორიაზე ახალი, მულტიფუნქციური რეკრეაციული ზონა - თბილისის ცენტრალური პარკი“,  - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.