იმუშავე საიდანაც გინდა - თიბისი დისტანციურ მუშაობას პოსტპანდემიურ პერიოდშიც გააგრძელებს
„იმუშავე საიდანაც გინდა“ – თიბისის ინოვაციური პროექტი, რომლის დანერგვასაც კოვიდპანდემიამ შეუწყო ხელი.
ბანკის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი გვანცა მურღვლიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებულია და პოსტპანდემიურ პერიოდშიც შენარჩუნდება.
მისი თქმით, თიბისის თანამშრომლებს სრული თავისუფლება აქვთ, თავად აირჩიონ საიდან იმუშავებენ - სახლიდან, აგარაკიდან.
„როგორც კი პანდემია დაიწყო, აქტიურად გადავეწყვეთ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. საუბარია სათაო ოფისზე და არა ფილიალებზე. კომპანიის ამ რელსებზე გადაყვანა ძალიან წარმატებულად შევძელით - არცერთი ოპერაცია არ შეფერხებულა.
ზაფხულში მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება - ეს პრინციპი და მონაპოვარი, რომ დისტანციური მუშაობა არის შესაძლებელი, პოსტპანდემიურ პერიოდშიც დავტოვოთ, სწორედ ამიტომ დავიწყეთ კამპანია „იმუშავე საიდანაც გინდა“. თანამშრომლებს შევთავაზეთ, ვისაც უნდა ოფისიდან იმუშაოს და ვისაც საიდან უნდა.
ეს გადაწყვეტილება ჰაერიდან არ მოსულა, მანამდე კომპანიაში ჩავატარეთ კვლევა და გამოვკითხეთ თანამშრომლები, რამდენად კმაყოფილები იყვნენ დისტანციური მუშაობით, თვითონ როგორ გრაფიკს ისურვებდნენ. მათი მხრიდან ძალიან დიდი კმაყოფილება იყო და აღნიშნეს, რომ მომავალშიც ისურვებდნენ, ოფისიდან კვირაში 2 ან 3 დღე ემუშავათ და დანარჩენი თვითონ დაეგეგმათ საიდან იმუშავებენ, იქნება ეს სახლი, აგარაკი, ქალაქგარეთ და ა.შ“, - აღნიშნა გვანცა მურღვლიანმა.
გვანცა მურღვლიანის თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდშიც იგეგმება, რომ ოფისები თანამშრომლების 50%-ით იყოს დატვირთული.
„სამომავლოდ ვგეგმავთ, ოფისები თანამშრომლების 50%-ით იყოს დატვირთული. შესაბამისად, უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ოფისის სივრცე, რესურსები და მოვუწოდოთ თანამშრომლებს, რომ უფრო მოქნილები იყვნენ თავის დროსთან და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გვანცა მურღვლიანმა.