საზოგადოება
03/11/2021

IDFI: მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს და ეკონომიკის ჩაკეტვა აღარ იყოს გამოსავალი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ COVID-19 პანდემიასთან საბრძოლველად საქართველოში შემოღებული შეზღუდვები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი იყო, მაგრამ არაეფექტური და ინფექციის მაღალ გავრცელებას ვერ შეუშალა ხელი. ამავდროულად, გამოიწვია ეკონომიკის მნიშვნელოვანი კლება. 2021 წელს, ყველაზე მაღალი სიმკაცრის ინდექსი იყო იანვარში, რასაც მოჰყვა რეალური მშპ-ს -11.5%-იანი შემცირება.

IDFI -ის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დაჩქარდეს ვაქცინაციის ტემპი და ეკონომიკის ჩაკეტვა აღარ იყოს ერთადერთი გამოსავალი.

"ეკონომიკის ჩაკეტვის პირობებში მოსახლეობა რჩება სოციალური დახმარების იმედად, ხოლო გაზრდილი სახელმწიფო ვალი, რომელიც 60%-იან ზღვარს გასცდა მშპ-თან მიმართებაში, მთავრობას შეუზღუდავს სოციალური დახმარებების გაცემას და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება. პანდემიის ფონზე, მოსახლეობის ინფორმირება სწრაფი ვაქცინაციის აუცილებლობაზე და მიზნობრივი შეზღუდვები ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს",- აღნიშნულია IDFI -ის მიმოხილვაში, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.