საზოგადოება
26/10/2021

იაგო ხვიჩია: ვენახის საკადასტრო ამონაწერით ბიუროკრატია საკუთარ არსებობას ამართლებს

ოპოზიციონერი დეპუტატი იაგო ხვიჩია ვენახის საკადასტრო ამონაწერის არსებობას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ის ჩვეულებრივი ბიუროკრატიაა. 

"ვისაც საკადასტრო მონაცემები არ აქვს მოწესრიგებული, იმისგან ყურძენი არ ჩაიბარეთ. თუ მიზანია, რომ გლეხისგან ყურძენი ჩავიბაროთ, მაშინ საკადასტრო მონაცემები რა შუაშია? გარდა იმისა, რომ ეს ქმნიდეს ვალდებულებას ბიუროკრატიისთვის. მესმის, ბიუროკრატია თავის თავს უძებნის საქმეს, რომ არსებობა გაამართლოს", -განაცხადა იაგო ხვიჩიან აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო რთველთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. 

საკანდასტრო ამონაწერთან დაკავშირებით იაგო ხვიჩიას პოზიციას სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ უპასუხა. 

მისი განმარტებით, კადასტრი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ღვინოზე ინფორმაციის არსებობას.

"ვცდილობთ, ასეთი სისტემა დავნერგოთ - უნდა იცოდე რომელი ვენახიდან არის ყურძენი მოყვანილი. ზოგადად ის, რაც ბოთლს აწერია, უნდა იყოს უტყუარი. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნისთვის კადასტრი აცულებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ აწარმოებს კომერციულ ღვინოს. მიწის საკუთრებას არ ვითხოვთ, მთავარია ვენახები იყოს სრულად აღწერილი -  ვიცოდეთ ვენახი, საიდანაც მზადდება ეს ღვინო", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

საკადასტრო ამონაწერთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმაც. 

"ეს პროცედურები საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენს ღვინოს ჰქონდეს რეპუტაცია, მაღალი ხარისხის კატეგორიაში გავიდეს და მეტი შემოსავალი მიიღოს როგორც ქვეყანამ, ისე მწარმოებელმა", -აღნიშნა ნინო წილოსანმა.