საზოგადოება
23/06/2021

იაგო ხვიჩია: რამდენ დეპუტატს შეეხება სამშენებლო ამნისტია?

“მშენებლებო, თქვენი საქმიანობა კრიმინალური ხდება“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც დეველოპერებს არასწორად განხორციელებულ მშენებლობებზე ჯარიმასთან ერთად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.

“მშენებლობაში რომ შეგეშალოს, რამე ისე რომ არ გააკეთო, როგორც რაღაც ნებართვის აქტში წერია, ხდება კრიმინალი, ანუ მშენებლობის სფეროში სისხლის სამართლის სფერო შემოდის. მშენებლებო, თქვენი საქმიანობა ხდება კრიმინალური“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კანონპროექტი სამშენებლო ამნისტიასაც ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით კი, იაგო ხვიჩიამ “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა კითხვით, რამდენ დეპუტატს შეეხება კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

“რამდენი ჩვენ კოლეგას ეპატიება ასეთი დარღვევები, სტატისტიკა ხომ არ გაქვთ“, - მიმართა იაგო ხვიჩიამ “ქართული ოცნების“ წევრებს.

ოპოზიციონერ დეპუტატს “ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ზარქუამ უპასუხა და აღნიშნა, რომ იაგო ხვიჩია კანონპროექტის დემონიზაციას ახდენს. ამასთან იაგო ხვიჩიას მოუწოდა, რომ მშენებლები ოპოზიციაშიც გადათვალოს.

“თქვენ ახლა დემონიზაციას ახდენთ. ჩვენ პირიქით, ვცდილობთ, ის, რაც წლების განმავლობაში იყო დარღვეული, წარსულს ჩავაბაროთ, დავიწყოთ ახალი ფურცელი. თუ მაინცდამაინც გინდა, ეს დეველოპერები დაითვალე ოპოზიციიდან და მომაწოდე ინფორმაცია, შევედაროთ. თითოეული ადამიანი, ვინც სამუშაო ადგილს კანონის დაცვით ქმნის, მნიშვნელოვანია. თქვენგან გამიკვირდა, თავისუფლებას ქადაგებთ და დღეს რა მოგვიდიათ, ვერ გცნობთ“,- მიმართა ირაკლი ზარქუამ იაგო ხვიჩიას.  

პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც ეხება როგორც სამშენებლო ამნისტიას, ისე მკაცრ რეგულაციებს. 

კანონპროექტით, აკრძალული იქნება ობიექტის ფუნქციონირება, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცება. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით. გარდა ამისა, ლიცენზიატებს აეკრძალებათ, რომ მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მანამ, სანამ არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.თუმცა, დასაშვები იქნება რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი მიწოდებული იქნას მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის.

მშენებლებთან მიმართებაში დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. კერძოდ, თუ მშენებლობა არასწორად ხორციელდება და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ დარღვევა გამოსწორებული არ იქნება და მშენებლობა არ შეჩერდება, ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე. იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.