იაგო ხვიჩია: მინდა ვთხოვო უკრაინის ხელისუფლებას, ნუ ჩააგდებენ საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში
იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი გმირივით ებრძვის ბოროტებას. ის თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მთავარსარდალია მსოფლიოში, თუმცა ქართველებს არაფერი დაუშავებიათ, რომ ელჩის გაწვევა ერთადერთი გამოსავალი ყოფილიყო.
"ჩვენთვის რუსეთის ბოროტება კარგადაა ცნობილი. მესმის, რომ ომის დროს შეიძლება ყველა გაღიზიანდეს რომელიმე დეპუტატის, პრემიერ-მინისტროს ან სხვა თანამდებობის პირის განცხადების გამო. ჩვენ ქართველ ხალხს არაფერი დაგვიშავებია ამ მძიმე დროს ისეთი, რომ ელჩის გაწვევა იყოს ერთადერთი გამოსავალი. მიუხედავად გაბრაზებისა და ბევრი ემოციისა, მინდა ვთხოვო უკრაინის ხელისუფლებას ნუ ჩააგდებენ საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც ძალიან გვჭირდება უკრაინელი ხალხის თანადგომა, ისივე როგორც პირიქით.
შეიძლება ვიღაცას სრულიად სამართლიანად ეშინია რუსეთის, მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ მხარდაჭერას თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხისგან და პრეზიდენტისგან. შეიძლება აწმყოს გამო არ ვიმსახურბთ, რადგან უკეთესად უნდა მოვქცეულიყავით წინა დღეების განმავლობაში, მაგრამ ვიმსახურებთ ჩვენი წარსულის, წინაპრების და იმ სისხლის გამო, რომელიც არანაკლებ დაგვიღვრია რუსეთთან ბრძოლაში.