გვაქვს როგორც მარეგულირებელი, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად - თამარ გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის პირველ კვარტალში შესაძლოა Pfizer-ის ვაქცინით დაიწყოს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაბამისი შინაარსის წერილი კოვაქს პლატფორმას უკვე გაეგზავნა.
„გეგმაში დაკონკრეტებულია, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად. არც გვჭირდება დამატებითი ინვესტიცია იმისთვის, რომ ჩვენ ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის ვაქინა მივიღოთ. პირველი ეტაპი ეს არის 2021 წლის პირველი კვარტალი და ამ დროისთვის პირველი დოზების მიღების შესახებ აქტიური მოლაპარაკებები მიდის კოვაქს პლატფორმასთან. ამისთვის სამინისტრომ უკვე გაგზავნა წერილი პარასკევს. დღეს იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვისა და დადასტურების, რომ ქვეყანას შეუძლია ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი, დაიწყოს ვაქცინაცია Pfizer-ის ვაქცინით. ეს კონკრეტული წერილი შეეხება Pfizer-ის ვაქცინით იმუნიზაციის პროცესის დაწყებას პირველ კვარტალში. თუმცა, ასევე არ გამოვრიცხავთ იმას, რომ შესაძლოა მსგავსი ინტერესი და შემოთავაზება კოვაქს პლატფორმიდან პირველ კვარტალშივე მივიღოთ AstraZeneca-ს ვაქცინაციით დაწყებასთან მიმართებით. მთავარია, ჩვენ გვაქვს როგორც მარეგულირებელი, ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად მომდევნო ორი თვის, ანუ პირველი კვარტლის განმავლობაში“,- აღნიშნა გაბუნიამ.