გურჯაანის მერი: რაიონის 9 სოფელს უწყვეტი წყალმომარაგება 2 წელში ექნება
გურჯაანის 9 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება დაახლოებით 2 წელში ექნება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 60 მლნ ლარით უკვე დააფინანსა წყალგაყვანილობის სისტემების რეაბილიტაციის პროექტი.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც სამშენებლო სამუშოები დაიწყება. შედეგად, გურჯააანის მუნიციპალიტეტის 9 სოფელს, უწყვეტი, 24 საათანი წყალმომარაგება ექნება.
ხანდამაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად გურჯაანის რაიონის სოფლებში გზების რეაბილიტაციის პროექტიც ხორციელდება.
„ბევრი სოფელია, სადაც არასდროს ყოფილა გზა. მაგალითად, სოფელი კარდენახი, რომელიც რელიეფურად რთული სოფელია. მიუხედავად ამისა, მოხდება ბეტონის გზების მშენებლობა და ეს პროექტი არამარტო ამ სოფელში განხორციელდება,“ - აცხადებს ხანდამაშვილი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი იმ სამუშაოებსაც ასახელებს, რომელიც გასულ წელს რაიონში, მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური დახმარებით გაკეთდა. მათ შორისაა: გურჯაანის დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია, რომელიც დასასრულს უახლოვდება. მუნიციპალიტეტის და მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით მოეწყო ტექნოპარკი, რომელიც მნიშვნელოვანია მხარის ახალგაზრდებისთვის.
ხანდამაშვილი აცხადებს, რომ გასულ წელს გაშენდა ცხოველთა თავშესაფარიც, რომელიც მალე ფუნქციონირებას დაიწყებს.
მისი განცხადებით, მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დაახლოებით 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.