საზოგადოება
17/01/2022

"GMP სერტიფიკატი მედიკამენტების როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ისე ინვესტორებს მოეთხოვებათ"

მედიკამენტების ადგილობრივი მწარმოებლები ვალდებულები არიან, 2022 წლის ბოლომდე GMP სტანდარტს შეესაბამებოდნენ. 

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, GMP სერტიფიკატების ასაღებად მთავრობა ადგილობრივ მწარმოებლებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. 

მისი თქმით, GMP სტანდარტი ადგილობრივი მწარმოებლების გარდა მოეთხოვებათ იმპორტიორებსაც. 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იმპორტიორები და ადგილობრივი მწარმოებლები თანაბარ პირობებში იყვნენ, და იმპორტიორებს უპირატესობა არ ჰქონდეთ.  

"პროაქტიურად ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს, დაეხმაროს ადგილობრივ მწარმოებლებს ამ სერტიფიკატის მიღებაში. ანუ, ადგილობრივ მწარმოებლებს, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ ეს სერტიფიკატები აიღონ, აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია და ექსპორტზე გაიტანენ, თუ ადგილზე გაყიდიან, შესაბამისი ხარისხი ჰქონდეთ. რაც შეეხება იმპორტის შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ იგივე სტანდარტებს და სერტიფიკატებს, რაც მოითხოვება ადგილობრივი წარმოების დროს, საუბარია GMP სტანდარტზე", - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.