"გირჩის" ინიციატივა მარიხუანის მოხმარებაზე - კანონპროექტის დეტალები
პოლიტიკური ჯგუფი "გირჩი" კანაფის, მარიხუანის მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დარეგისტრირდება.
კანონპროექტი "სისხლის სამართლის კოდექსიდან" იმ მუხლების ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც კანაფის ან მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღებაზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს.
მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე. გასაღებაზე კი, სასჯელი შეადგენს 6 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთას. კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების დასახელებიდან, რომლებსაც აღნიშნული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ვრცელდება, ამოღებული იქნება კანაფი და კანაფის ფისი.
ამასთან, კანონპროექტით, "სისხლის სამართლის კოდექსიდან" ამოღებული იქნება მუხლი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებაზე სასჯელს აწესებს. სასჯელის სახით გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 100-დან 400 საათამდე, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 10 წლამდე.
"გირჩი" მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა განისაზღვროს.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 2000 ლარამდე.
"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ 2018 წლიდან საქართველოში კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომაც აღნიშნა კანაფის შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებობის ლეგიტიმურობის განხილვისას. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს.
"სასამართლოზე არსებითი განხილვისას არაერთი ექსპერტი არის დაკითხული, მათ შორის ისეთი ექსპერტები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად არ ეთანხმებოდნენ დეკრიმინალიზაციას, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ აღწერა კანაფის მოხმარებით გამოწვეული საფრთხე, თუმცა ამავედროს, ექსპერტმა დ. ანდღულაძემ აღნიშნა, რომ მარიხუანა, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. ამასთან, მიუხედავად მისი უარყოფითი გავლენისა ფსიქიკაზე, ასეთი ზემოქმედება არის სხვა ე.წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების უმრავლესობასთან შედარებით გაცილებით უფრო მსუბუქი. მარიხუანა ასევე შედარებადია ლეგალურად დაშვებული ნივთიერებების (სიგარეტი, ალკოჰოლი) მოხმარებით გამოწვეულ საფრთხესთან. ამავე ექსპერტის (ანდღულაძე) განმარტებით, ალკოჰოლის მავნედ მოხმარების შემთხვევაში არანაკლები ფსიქო-ფიზიკური და სამართლებრივი სირთულეები იქმნება.
მარიხუანა, კანაფი,კანაფის ფისი, კანაფის ზეთი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი ერთიდაიმავე ჯგუფის ნივთიერებებს წარმოადგენენ და მათზეც იგივე ლოგიკა ვრცელდება რაც ექსპერტმა მარიხუანის და ალკოჰოლის ერთმანეთთან პარალელით გაავრცელა და როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს.
ყურადსაღებია არგუმენტი, რომ დიდი ოდენობით კანაფის ჯგუფის ნივთიერებების გავრცელება, სხვათა ჯანმრთელობის დაზიანების მომეტებულ რისკებს შეიცავს, ამიტომ, მისი გავრცელება შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადი, მათ შორის, იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
გათვალისწინებული სასჯელი თანაბრად მიემართება ყველა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება გამოწვევადი საფრთხეების არსით, მასშტაბით, საშიშროების ხარისხით. მიუხედავად იმისა, რომ კანაფის ჯგუფის ნარკოტიკული საშალებები არის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი ნარკოტიკული საშუალება, იმავდროულად, (მარიხუანას) მისი მოხმარებით გამოწვევადი შედეგების სიმძიმისა და საფრთხეების მიხედვით, გაცილებით უფრო მსუბუქია სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.