საზოგადოება
13/10/2021

გიორგი კაკაურიძე: თუ კერძო სექტორში იზრდება ხელფასი, უნდა გაიზარდოს საჯარო სექტორშიც

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კიდევ ერთხელ აფიქსირებს მოსაზრებას, რომ საჯარო სექტორში დაბალი ხელფასებია და წლებია ერთ ადგილზეა გაყინული. 

მისი თქმით, საჯარო სექტორში, პენსიის ინდექსაციის მსგავსად, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გარკვეული წესია შესამუშავებელი. კერძოდ, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კერძო სექტორის განვითარებაზე უნდა იყოს დამოკიდებული. მაგალითად, თუ კერძო სექტორში იზრდება ხელფასი, უნდა გაიზარდოს საჯარო სექტორში. ხოლო, თუ კერძო სექტორს შეფერხება ექნება, ასეთ შემთხვევაში ხელფასი არც საჯარო სექტორში უნდა იზრდებოდეს. 

"საჯარო სექტორში ხელფასები ძალიან დაბალია. ხელფასები გაყინულია წლების განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს ყველაფერზე. საბოლოო ჯამში მივიღებთ ძალიან დაბალ, არაეფექტურ საჯარო სექტორს, რაც არავის ინტერესში არ შედის. მაქსიმალურად ვცდილობთ, გარკვეული რესურსების მოძიებას, მათ შორის გამოვიყენოთ ოპტიმიზაციის რესურსი მაქსიმალურად, იმისთვის, რომ შევძლოთ საჯარო სექტორში ერთის მხრივ მოწესრიგებისკენ ნაბიჯი გადავდგათ და მეორე, გარკვეული წესი დავადგინოთ, როგორც მაგალითად პენსიებზე დავადგინეთ ინდექსაცია. ყველამ უნდა იცოდეს, დღეს რომ საჯარო სექტორში მუშაობს, ან აპირებს მოსვლას, რაზე იქნება მისი ხელფასის ზრდა დამოკიდებული. ყველაზე სწორია, რომ ეს დამოკიდებული იყოს კერძო სექტორის განვითარებაზე. იზრდება კერძო სექტორში?- ასეთ შემთხვევაში უნდა იზრდებოდეს საჯარო სექტორშიც. თუ კერძო სექტორს გარკვეული შეფერხება აქვს, არ უნდა იზრდებოდეს არც საჯარო სექტორში. ამ წესის შემუშავების ვალდებულებას ბიუჯეტი ითვალისწინებს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.