საზოგადოება
23/07/2020

გიორგი გახარია: ვაკონტროლებთ სიტუაციას, მაგრამ გვმართებს უაღრესი ყურადღება

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

გიორგი გახარიას თქმით, ინფიცირების მკვეთრი ზრდა უაღრესად საყურადღებოა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება," - განაცხადა პრემიერმა.

ქვეყანაში გუშინ ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა იყო, დღეს კი 12-ია. გახარიას თქმით, გავრცელება ძირითადად კონცენტრირდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში.

"ეს ყურადსაღებია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური სტრუქტურა ამ სოფლებისა გახლავთ ისეთი, რომ ჩვენი ბევრი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებსა თუ ბაზრობებზე. ამიტომ უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი, ისევე როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინე ზომების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდ ავიყოთ მზად,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი და ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა აღნიშნულ სფეროებში.

„უდიდესი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ თითოეულმა მოქალაქემ, იმისთვის, რო შევინარჩუნოთ ის წარმატება, შედარებითი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვის თვალსაზრისით. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ ვირუსის სწორი, ეფექტური მართვა და ეკონომიკის სწრაფი აღორძინება არის პირდაპირ ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საკითხი, ერთი მეორის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა ან ერთ ან მეორე სფეროში, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Businesspartner