საზოგადოება
24/11/2020

"გეგმიური ოპერაციების შეჩერება კლინიკების ნაწილის დახურვას გამოიწვევს"

ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი 2021 წლის მარტამდე გეგმიური ოპერაციების შეჩერებას  „ბიზნესპარტნიორთან“   აფასებს და აცხადებს, რომ შექმნილ სიტუაციაში  სახელმწიფოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

მისი ინფორმაციით, ასეთ სიტუაციაში ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ დაზარალდებიან კერძო კლინიკები, რადგან თუნდაც  ნ. ბოხუას სახელობის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში გეგმიური ოპერაციების წილი 70-80%-ს შეადგენს.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში ომია, კატასტროფაა.ახლა ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ და ქვეყანას ვუშველოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ ამ ომიდან. რაც ჩვენ დღეს გვჭირს ეს არის უბედურება.  

კერძო ბიზნესი მარტო კლინიკები ხომ არაა, ბიზნესის ყველა სექტორი ზარალდება, მაგრამ ქვეყანას ახლა სჭირდება ასე. სხვანაირად ვერ გამოვა. თითქმის  ყველა კლინიკა ნაწილობრივ მაინც კოვიდცენტრებად არის გადაკეთებული, ამას ვერ ვუმკლავდებით და რა გეგმიურზეა ლაპარაკი“-აცხადებს კოტე ყიფიანი.

ყიფიანი არ გამორიცხავს იმას, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კერძო კლინიკების ნაწილის გაკოტრება და დახურვა გამოიწვიოს. თუმცა, ის რაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო  ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ გააკეთა, ბუნებამ შეძლო.

„საქართველოში  კლინიკების ნაწილი ფულის საკეთებელი ადგილი იყო. იქ არც ნორმალური სპეციალისტები ჰყავდათ და არც არაფერი. თუ ესენი გაკოტრდებიან და ძლიერები გადარჩებიან, ეს ბუნებრივი კანონზომიერება იქნება. მათი დახურვა უფრო წაადგება მედიცინას. დაიხუროს არ არის პრობლემა“-აცხადებს ყიფიანი.

შეგახსენებთ,2021 წლის მარტამდე „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა ჩერდება.აღნიშნულს საქართველოს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს.