საზოგადოება
06/05/2021

გარდაბნის მერი: რეგიონების განახლების პროგრამა მასშტაბური სამუშაოების საშუალებას მოგვცემს

გარდაბანის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამას აფასებს და აცხადებს, რომ ეს ინიციატივა დაეხმარება რეგიონს, განავითაროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

მისი ინფორმაციით, რეგიონების განახლების პროგრამის ფარგლებში განიხილება გარდაბანში კორპუსების ფასადის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

„ადგილობრივი ბიუჯეტი არ არის საკმარისი მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. წელს რაიონში გზების 99% მოწესრიგდება. გამოცხადებულია მილიონნახევარი ლარის ტენდერი გარე განათებების მოწყობაზე. წელს ინფრასტრუტრულ სამუშოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარი დაიხარჯება,“ - აცხადებს ბუდაღაშვილი.

მისი ინფორმაციით, რეგიონში ხორციელდება სამუშაოები იმისთვის, რომ მომავალ წელს მთლიანად რაიონს უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეს.

„გარდაბნის  9 სოფელში წყალი საერთოდ არ არსებობდა. შიდა დაქსელვაც კი არ იყო. წყალმომარაგების კუთხით, დასრულების ფაზაშია 16 მილიონიანი პროექტი, ხოლო 6 მილიონიანი უახლოეს მომავალში დაიწყება,“ - აცხადებს ბუდაღაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამა იწყება. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია. მისი განხორციელების პროცესში, პრემიერის განცხადებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.