განმეორებითი ვაქცინაციისთვის AstraZeneca-ს დამატებითი დოზა აპრილის მეორე ნახევარში შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე პარტია, 86 000 დოზა საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში შემოვა.
„ვინაიდან AstraZeneca-ს ვაქცინა ორჯერადად კეთდება, რევაქცინაცია იქნება 8-დან 12 კვირის ფარგლებში. მეორე დოზა აპრილის ბოლოს შემოვა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის საქართველოში 82 ამცრელი ცენტრია მზად. ორშაბათიდან აცრა 29 ცენტრში დაიწყება, 17 მარტს დაემატება 35 დაწესებულება, 19 მარტს კი, 13.
„1 კვირის განმავლობაში მაქსიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ინფორმაციისთვის, AstraZeneca-ს 43 200 დოზა ვაქცინა თბილისში დღეს ჩამოვიდა.