საზოგადოება
15/02/2022

გაბუნია "მწვანე ბარათზე": დამატებითი რეგულაციის შემოტანა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში "მწვანე ბარათების" შეჩერების საფუძველი გახდა "ომიკრონის" სწრაფი გავრცელება და რეინფიცირების მაღალი რისკები. 

მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ მოახდინა ბუსტერდოზის ინტეგრირება "მწვანე პასპორტთან". საქართველოს შემთხვევაში კი, დამატებითი რეგულაციის შემოტანა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა, რადგან მისი ადმინისტრირება შეიძლება იმ წარმატებით ვერ განხორციელებულიყო, რაც დადებით ზეგავლენას მოახდენდა ეპიდემიის მიმდინარეობაზე. 

მან კიდევ ერთხელგაუსვა ხაზი ბუსტერდოზის მნიშვნელობას. მის წამახალისებელ მექანიზმად კი, 100 ლარიანი დახმარება დაასახელა, რომელსაც 50 წლის ზემოთ ასაკის პირები იღებენ.  

შეგახსენებთ, "მწვანე ბარათი" ქვეყანაში 2021 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა, თუმცა მის ფორმასთან დაკავშირებით პროტესტი თავიდანვე გამოითქვა. მუდმივი ე.წ. მწვანე სტატუსი იმ პირებსაც ენიჭებოდათ, ვისაც კორონავირუსი ერთხელ მაინც ჰქონდათ გადატანილი. შესაბამისად, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ეს ფორმა უსაფრთხო გარემოს შექმნას ხელს ვერ შეუწყობდა. 

განსაზრულ ადგილებში, "მწვანე ბარათით" შესვლა შეეძლოთ იმ პირებს, რომლებიც იყვნენ სრულად ვაქცინირებულები, ან ჩატარებული ჰქონდათ ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი. 

ხშირად მიდიოდა დისკუსია "მწვანე ბარათის" ფორმის გადახედვაზე და უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ ის საერთოდ გააუქმა. 

Businesspartner