"ეკოთაობა საქართველო" კომპანიების ჩართულობით თბილისის გამწვანებაზე იზრუნებს
არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოთაობა საქართველო", კერძო კომპანიების ჩართულობით, თბილისის გამწვანებაზე იზრუნებს.
როგორც "ეკოთაობა საქართველოს" თავმჯდომარემ თამარ გაგოშაშვილმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, ამ ეტაპზე 22-მა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება. თუმცა, რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება კიდევ მიმდინარეობს.
მისი თქმით, გამწვანების პროცესი ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. ლოკაციებს თბილისის მერია გამოყოფს.
"ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, ქალაქის გამწვანებაში თავისი წვლილი შეიტანოს. გარდა ამისა, ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ პროცესში კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩართულიყვნენ. თუ მართლაც ისეთი ჩართულობა იქნება, როგორსაც ვგეგმავთ, ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს. ჯერჯერობით მხოლოდ 22 კომპანიაა, მათ შორისაა "ქანბებე", "ზღაპარი" და სხვა. თუმცა, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალის მნიშვნელოვნად გაფართოებას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე, რაც ჩვენთვის ცნობილია მინიმუმ 150 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, თუმცა დანიშნულ დღემდე რაოდენობის გაორმაგებას ვვარაუდობთ", - აღნიშნა თამარ გაგოშაშვილმა.