ექიმები დიდ სტრესში არიან, იქნებ დამშვიდდეს საზოგადოება - ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებას მოუწოდებს ექიმების კრიტიკისგან თავი შეიკავონ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ნეგატიური განწყობების გამო სამედიცინო პერსონალს მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში უწევს მუშაობა.
„არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო. პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას, სჭირდება თუ არა მას რეანიმაცია. პირველი, მას არ აქვს საკმარისი კომპეტენცია განსაზღვროს ესაჭიროება თუ არა რეანიმაცია და მეორე, პაციენტს, რომელსაც რეანიმაცია სჭირდება, ის ვერაფერს იზამს. ოჯახი, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმს, მით უმეტეს, არ უნდა ატეხოს ამბავი. თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ პაციენტი მიაბაროს ექიმს რეანიმაციაში, ის ექიმი მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას რა ნაბიჯები უნდა გადადგას პაციენტის სიცოცხლის დასაცავად. ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები იმყოფებიან ძალიან დიდ სტრესში. აქედან გამომდინარე, იქნებ დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ვინაიდან, ისინი 9 თვეა თავს არ ზოგავენ და წინ გვაქვს კიდევ დიდი პერიოდი“,- განაცხადა ტიკარაძემ.