საზოგადოება
05/04/2021

ეკატერინე ტიკარაძე: შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვიმსჯელია

მოსალოდნელია თუ არა 15 აპრილიდან დიდ ქალაქებში მკაცრი რეგულაციების დაწესება, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს არ უმსჯელია.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების დაცვა, რადგან ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვები არ დაწესდეს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიკურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა იძულებულები არ გავხდეთ, ინფექციის გავრცელების გამო შეზღუდვები დავაწესოთ. ამ ეტაპისთვის, ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე, არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე.

ამ ეტაპზე საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, საქართველოს რამდენიმე რეგონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ მომატებული ინფექციის რაოდენობა“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესებას, მინისტრის განცხადებით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

“ალბათ აღდგომამდე 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად უფრო ზუსტი ინფორმაცია, რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.