საზოგადოება
16/08/2021
ეკატერინე ტიკარაძე: საველე ჰოსპიტალში 500-მდე საწოლი მოეწყობა
საველე ჰოსპიტალში, რომელიც დიღომში, ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში მოეწყობა, 500-მდე საწოლი გაიშლება.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საწოლების უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი.
“გამართულია ყველა ის ინვენტარი და მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს, რათა მოხდეს მათი მომარაგება ჟანგბადით. დამონტაჟებულია 2 ხუთ ტონიანი ცისტერნა, რომელიც ამ საწოლებს მოამარეგებს ჟანგბადით“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომელი ექიმები იმუშავებენ საველე ჰოპსიტალში.
“ბოლო პერიოდში საქართველოში არ ხდება ექიმების მომზადება სამეხდრო-საველე პირობებისთვის, მაგრამ ექიმთა მეტ წილს, რომელიც პრაქტიკოსი ექიმია, მიღებული აქვს განათლება მაშინ, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით. გორის ჰოსპიტალში მომუშავე ექიმები ადგილზე დარჩებიან, მათი რაოდენობა არცისე მაღალია, 165-მდე ექიმი ჰყავთ, დაახლოებით იგივე რაოდენობაა იმ ექიმების, რომლებსაც გააჩნიათ სამხედრო წოდება და ჩართულები არიან ამ პროცესში. გეგმას არ წარმოადგენს, რომ ისინი იყვნენ გამოყვანილები და განაგრძონ საველე ჰოსპიტლებში მუშაობა. სხვა ექიმთა ჯგუფი მიიღებს პაციენტებს ამ სივრცეებში, რომლებიც მათი საკმარისი კვალიფიკაციით გაუწევენ პაციენტებს მომსახურებას.
ასევე ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია წითელ ჯვართან, რომელთაც აქვთ კარგი გამოცდილება მოხალისეების და მუდმივი თანამშრომლების კუთხით, მათთან ერთად პაციენტები მიიღებენ უსაფრთხო მომსახურებას, რომელიც მათ ესაჭიროებათ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, საველე ჰოსპიტალს გამოიყენებენ ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში.
“მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც პაციენტების ასევე ექიმებიდან გამომდინარე, რომლებიც პროცესში დიდი ხანია ჩართულები არიან და გადაღლილობის ზღვარიც მაღალია, მათი კოფორტიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალების გამოყენება. ეს არის ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო უკვე მზად არის“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.